კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას შემდეგი რელიგიური მიმართულებები მიიღებენ: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები.
"კომისიამ და შემდეგ უკვე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდეს იმ რელიგიური გაერთიანებებისთვის ზარალის ანაზღაურება, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მხრიდან სისტემური წნეხის ქვეშინ იყო. ამ ფორმულირებით, დიდი ხანია, საკონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს საპატრიარქოს - მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ რჩებოდა სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომელთან არანაკლები ზარალი მიადგა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ გაერთიანებათა ჩამონათვალში ოთხი რელიგიური მიმდინარეობა შევიდა: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. დახმარების ოდენობა მთლიანად არის 4,5 მილიონი ლარი, რომელიც ოთხივე გაერთიანებაზე პროპორციულად გაიყოფა. შემუშავებული იქნება თანხის განაწილების ფორმულა და პრინციპი, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რჩება ბევრი კითხვა და საკითხი სხვა დანარჩენი რელიგიური მიმდინარეობების მიმართ.
"უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გაერთიანებისთვის მიყენებული ზარალი რამდენად იყო სისტემური და პერმანენტული. კომისია აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ამ მიმართულებით ინიციატივა ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრისგან - ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. ეს საკითხი პრემიერად დანიშვნისთანავზე თავიდანვე დააყენა ირაკლი ღარიბაშვილმაც. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ეს დავალება საკმაოდ სწრაფად შევასრულეთ და სახელმწიფოს მხარდაჭერა მოიცავს საქართველოს მორწმუნე მოსახლეობის 90%-ის რელიგიურ გაერთიანებებს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.