პაატა ზაქარეიშვილმა პრესკონფერენცია გამართა

18 February 2014

სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს მოაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

კერძოდ, პაატა ზაქარეიშვილმა ისაუბრა გასულ კვირაში შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის მიმდინარეობისას გამართულ შეხვედრებზე.

"შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში, კერძოდ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან - ერიკ რუბინთან და ტომას მელიასთან. ასევე შეხვდი ჯგუფს, რომელიც უშუალოდ კავკასიის და საქართველოს საკითხებზე მუშაობს. ჩვენს პარტნიორებს დეტალებში აინტერესებთ, თუ რა ხდება კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით. მე მათ გავაცანი ის ძირითადი პრინციპები, რომლებსაც მომავალში შეიძლება, ამ მიმართულებით ახალი სახელმწიფო სტრატეგია დაეფუძნოს. ეს პრინციპებია: 1 - ევროინტეგრაციის მიმდინარეობისას და სწორედ ამ პროცესის შედეგად საქართველოს დემოკრატიზაცია; 2 - რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და ამ ურთიერთობაში საქართველოს მხრიდან შეცდომების გამორიცხვა, რომლებმაც შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დააზარალოს; 3 - უშუალო კონტაქტები აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან და ამ კონტაქტების საფუძველზე საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მათი ინტერესების მაქსიმალურად დაცვა. ამ შეხვედრებზე ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ასევე დაინტერესდნენ ჩვენი უწყების სახელის ცვლილებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე, ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფომ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას ნაწილობრივ აუნაზღაუროს საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალი.

"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიზაციის და სტაბილურობის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეს ანაზღაურება იქნება იმავე, ტიპის, რომელსაც იღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გადაწყდა, შეიქმნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება. ამ ტიპის სახელმწიფო სტრუქტურა ამ დრომდე არ არსებობდა საქართველოში, რომელიც რელიგიური გაერთიანებების საკითხებზე იმუშავებდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.