სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ გახსნეს.
ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. კერძოდ, მან შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამყოფ ხაზებზე რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესზე, ამ პროცესის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებულ დამატებით ზარალზე.
სხდომაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დაგმო მავთულხლართების გავლება, მხარი დაუჭირა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ძალისხმევას შერიგების მიმართულებით, ხოლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებითაც აშშ საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში მხარს უჭერს.
ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ამ ძალისხმევის მიზანი ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარული შედეგების შემსუბუქება, მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გაყოფილ თემებს შორის კონტაქტების ხელშეწყობაა.