შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი თინა ღოღელიანი, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია გაბუნია, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეროვნულ უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მეთორმეტე კლასის ოთხმოცამდე მოსწავლეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, აბიტურიენტთა ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გავლაში დახმარების კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონში აღნიშნული კამპანიის განსახორციელებლად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრთან ითანამშრომლებს.
პროგრამა "1 პლუს 4" საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან. აღნიშნული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.