ლექციის თემა "ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობა: გამოწვევები და შესაძლებლობები" იყო.
გიუნტერ ფერჰოიგენი უნივერსიტეტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად ეწვია.
ყოფილმა ევროკომისარმა ვრცლად მიმოიხილა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოვების ისტორია. მან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოვების 2004 წლის ტალღაში პირად ჩართულობაზე. გიუნტერ ფერჰოიგენმა ასევე ისაუბრა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე, რომლის შექმნაშიც პირადად მონაწილეობდა. როგორც ყოფილმა ევროკომისარმა აღნიშნა, სამეზობლო პოლიტიკა შემუშავებული იყო არა როგორც გაწევრიანების ჩამანაცვლებელი ინსტრუმენტი ევროკავშირის ახალი მეზობლებისთვის, არამედ როგორც იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც ევროკავშირის მეზობელ ევროპულ ქვეყნებს გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის გასაწევრიანებლად მოამზადებდა.
გიუნტერ ფერჰოიგენის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოვება წარმატებული პროექტი იყო და უნდა გაგრძელდეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიანებით. მან სურვილი გამოთქვა, ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ გაწევრიანების პერსპექტივის შემცველი, უფრო მკაფიო პოლიტიკა ჰქონდეს.
ყოფილი ევროკომისარი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს მოვლენები ქმნის ახალ შესაძლებლობას, მიეცეს ბიძგი ევროკავშირში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს, მიღების პერსპექტივას, ასევე ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებას.
გიუნტერ ფერჰოიგენმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა. საჯარო ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.