ქეთევან ციხელაშვილი და გიუნტერ ფერჰოიგენი სოფელ დვანში იმყოფებოდნენ

7 March 2014

ევროკომისიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, პროფესორი გიუნტერ ფერჰოიგენი ქარელის რაიონის სოფელ დვანში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად დვანს ეწვივნენ ევროკავშირის ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.

ქეთევან ციხელაშვილმა ყოფილ ევროკომისარს და ელჩებს გამყოფ ხაზზე შექმნილი ვითარება დეტალურად გააცნო. მათ დაათვალიერეს სოფელში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართი და სახლები, რომლებიც ადგილობრივებმა მავთულხლართის გავლების გამო დაშალეს.

"ჩვენმა პარტნიორებმა თავად იხილეს, რას ნიშნავს რუსეთის განგრძობადი ოკუპაცია. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება არის მიმართული უკრაინისკენ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ მიმდინარე მოვლენების წინაპირობა გახდა ის, რაც მოხდა და ხდება საქართველოში. დღევანდელი ვიზიტის მიზანია, ჩვენმა პარტნიორებმა მიაწვდინონ ხმა ევროპის დედაქალაქებს და ამას მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები - მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია. ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სწორედ მკვეთრი რეაქციები საჭიროა იმისთვის, რომ შეჩერდეს ოკუპაცია, არ განმეორდეს სხვა ქვეყნებში ის, რაც მოხდა საქართველოში და დაეხმარონ მოსახლეობას უკეთესი პირობების შექმნაში", - განაცხადა ციხელაშვილმა.

გიუნტერ ფერჰოიგენმა კი განაცხადა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მავთულხლართების გავლება ყოვლად მიუღებელია.

"რაც აქ ვნახე, მახსენებს ეპიზოდს ჩემი ქვეყნის ისტორიიდან. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი ჩამოვიდა ბერლინში 80-იან წლებში, მან გააკეთა ცნობილი მიმართვა: "ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი!". ამ შემთხვევაში, მე მინდა გავაკეთო მისი პერეფრაზი: ბატონო პუტინო, დაშალეთ ეს მავთულხლართები! ეს არ არის ევროპა, რომელიც ჩვენ გვინდა და რომლისთვისაც ვიღწვით! ეს ანომალიაა. არსებული ვითარება სრულად მიუღებელია 21-ე საუკუნის ევროპისათვის! ჩვენ უნდა ჩავრთოთ რუსეთი, კონსტრუქციულ დიალოგში, და მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც სრულად, ხაზს ვუსვამ სრულად, სცემს პატივს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ვიდეო იხილეთ მოცემულ ბმულზე