კონფერენციის ორგანიზატორი იყო მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ლაუტერპახტის საერთაშორისო სამართლის ცენტრი.
საერთაშორისო კონფერენცია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და ძალთა გადანაწილება: ოჰრიდის ხელშეკრულების დადებიდან 10 წლის შემდეგ" ეხებოდა ევროპული ქვეყნის გამოცდილებას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით, უმცირესობების იდენტობის აღიარების, ადგილობრივ თვითმმართველობაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობისა და სოციალურ-ეკონომიკური ჩართულობის საკითხებს.
ქ-ნმა ეკა ტყეშელაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხში, მიმოიხილა საქართველოს მთავრობის წარმატებული ინიციატივები სახელმწიფო ენის სწავლების, განათლების, ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურის, კანონის უზენაესობის სფეროებში და "ჩართულობის სტრატეგიის" იმპლემენტაციის კუთხით.
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა: "საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმატებული ინტეგრაცია მრავალეთნიკურ ქვეყნებში დამოკიდებულია მათი დემოკრატიული და ლეგიტიმური მთავრობების მიზანმიმართულობასა და შესაძლებლობაზე, დაიცვან ყველა მოქალაქის უფლება და ამავდროულად გაითვალისწინონ უმცირესობების განსაკუთრებული საჭიროებანი."