შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომისიის მუშაობის და პარტნიორების დახმარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, ხოლო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებთ დაანახოს, თუ როგორ ზრუნავს საქართველო თავის პარტნიორებთან ერთად საკუთარ მოქალაქეებზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოსა და დონორების მიერ გაწეულ სამუშაოზე, ასევე ამჟამად არსებულ საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"დონორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გავაცანით ინფორმაცია იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც სამთავრობო კომისიამ განახორციელა და ასევე იმის თაობაზე, თუ რა პრობლემებზე რეაგირებაში არის შესაძლებელი მათი ჩართვა", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეხვედრას სასარგებლო უწოდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა საქართველოში სტივენ ჰეიკინმა.
"აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ვეხმარებით სამთავრობო კომისიას, კონფლიქტით დაზარალებულ თემებს მიმდინარე პროეტქბში ისეთ სფეროებში, როგორიცაა სარწყავი წყალი, ეკონომიკური შესაძლებლობების წახალისება, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მოხარულები ვართ, რომ შედგა ეს შეხვედრა, რომელიც აჩვენებს, რამდენად მონდომებულია მთავრობა, განსაკუთრებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღია დიალოგისთვის მთავარ აქტორებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ინფორმაციის გაცვლა მართლაც საჭირო და სასარგებლო იყო", - განაცხადა სტივენ ჰეიკინმა.