პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი სააგენტო „news.ge“-ს

2 May 2014

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადების შესახებ.

"სააგენტოს შექმნის საკითხზე მუშაობდა უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომელშიც ყველა დაინტერესებული სამინისტროს წარმომადგენელი შედიოდა. მთავრობის მუშაობა არ გულისხმობს გარე ექსპერტების მონაწილეობის ვალდებულებას. მთავრობა არის ლეგიტიმური და კომპეტენტური. ამდენად, არ არსებობდა საფუძველი, რომ ამ სამუშაო პროცესში აუცილებლად ყოფილიყვნენ ჩართული ექსპერტები გარედან. მათი ჩართვის საჭიროება რომ დაგვენახა, აუცილებლად მოვიწვევდით - ვიცნობთ კომპეტენტურ და ღირსეულ სპეციალისტებს. მაგრამ ჩვენი კომპეტენცია გაწვდა ჩვენს წინაშე დასახული ამოცანების გადაჭრას.

რაც შეეხება ამ განცხადებაში მოტანილ მოსაზრებას, რომ ამ სააგენტოს შექმნა "რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს", ეს მხოლოდ მოსაზრებაა, არ ეფუძნება დებულების რომელიმე კონკრეტულ პოზიციას და შეიძლება არსებობდეს სარკისებური მოსაზრებაც, რომ რისკები არ არის მოსალოდნელი. როდესაც დაინიშნება სააგენტოს ხელმძღვანელი და შეიქმნება აპარატი, მაშინ შესაძლოა, ამაზე მსჯელობა. რისკები შესაძლოა, ნებისმიერმა რამემ წარმოშოს - ყველაფერი იდეალურად არც კონსტიტუციაშია გაწერილი. ამდენად, რისკების წარმოშობის შესაძლებლობა სერიოზული არგუმენტი არ არის.

პირადად მე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობით კმაყოფილი ვარ და მის ყველა წევრს ვუხდი მადლობას. მიმაჩნია, რომ კომისიამ საკმაოდ მოკლე ვადაში ორი მნიშვნელოვანი შედეგი დადო. მათგან ერთი არის ის, რომ მთავრობას წარვუდგინეთ რეკომენდაცია, საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებების რაოდენობა ხუთამდე გაზრდილიყო და ამ ჩამონათვალში მართლმამდიდებელ ეკლესიას დაემატა შემდეგი გაერთიანებები - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ამ თემაზე მსჯელობა იმედია, სახელმწიფო სააგენტოში გაგრძელდება.

მეორე შედეგი: ჩავთვალეთ, რომ საჭიროა მაღალი სტატუსის მქონე სტრუქტურის შექმნა, რომელიც უშუალოდ პრემიერს დაექვემდებარებოდა. ადრე არ არსებობდა ამ ტიპის არანაირი საჯარო სტრუქტურა. რელიგიურ საკითხებზე არც ჩვენი აპარატი მუშაობდა და მაგალითად, თუ სამთაწყაროს ან ჭელას შემთხვევაში ჩართული ვიყავი, ეს მხოლოდ იმიტომ, იმჟამინდელი პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი მავალებდა. ამ კომისიაშიც ახალი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩავერთე. ამდენად, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მუშაობა უნდა ხორციელდებოდეს არა პოსტ-ფაქტუმ, როგორც მაგალითად, ეს ჭელას, სამთაწყაროს ან ნიგვზიანის შემთხვევებში იყო, არამედ უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად გამოიმუშავებს პოლიტიკას რელიგიურ საკითხებზე.

ამდენად, სააგენტოს შექმნა სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. დაველოდოთ ხელმძღვანელობისა და სტრუქტურის ჩამოყალიბებას. დარწმუნებული ვარ, ყველა ვნახავთ, რამდენად ეფექტურად იმუშავებს სააგენტო. ჯერ არ ყოფილა ჩავარდნა ისეთი სახელმწიფოს სტრუქტურების საქმიანობაში, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის, სახელმწიფოს თუ მოქალაქეების ინტერესებზე მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, არც იქნება".

იხილეთ ბმული