შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:
"ჩვენი ინფორმაციით, ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ამ დროისთვის გახსნილია. რაიონში შესვლა საოკუპაციო რეჟიმმა 30 აპრილის საღამოდან შეზღუდა და ეს შეზღუდვა დღეს დილით უნდა მოხსნილიყო. თუმცა, მიმოსვლა დილით ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი და გამშვები საგუშაგო მოგვიანებით გაიხსნა. ამის მიუხედავად, გადაადგილების საშუალება მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც ე.წ. ოსური პასპორტი და ახალი ე.წ. საშვები აქვს აღებული. ეს დოკუმენტი კი ახალგორელების დიდ ნაწილს არ აქვს და ამიტომ ისინი თავს იკავებენ რაიონიდან გამოსვლისგან.
ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ამ ე.წ. საშვების გაცემის პროცესი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, ახალგორელებს ამ დოკუმენტის აღებისას საქართველოს მოქალაქობის დათმობა უხდებათ. საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქობის დათმობა მხოლოდ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას ხდება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის დათმობის შესახებ არანაირი ეჭვის საფუძველი არ შეიძლება არსებობდეს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს დღეებში საოკუპაციო რეჟიმი კიდევ გეგმავს 2 დღით რაიონში შესვლის შეზღუდვას - 8 მაისის საღამოდან 11 მაისის საღამომდე. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი ასეთ შეზღუდვებს პერიოდულად სხვადასხვა მიზეზით აწესებს.
არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგორში მოსახლეობას ცხოვრებისა და გადააგილებისთვის აუცილებელი პირობები შევუნარჩუნოთ".