შეხვედრა “4 პლიუს 1” პროგრამის ბენეფიციარ სტუდენტებთან

19 May 2014

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ქეთევან ციხელაშვილმა ევროინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულება მიმოიხილა. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის კოორდინირებას და წელს მიმდინარეობს ახალი სტრატეგიის შემუშავება.

"ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში საყურადღებოა სტუდენტების კრიტიკული მოსაზრებები თუ წინადადებები და ჩვენ ღია ვართ თქვენი წინადადებების მისაღებად", - მიმართა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტებს.

ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის გამოცხადების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პროგრამა "4 პლიუს 1" პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი ევროინტეგრაციის თემაზე.

"სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაწერონ ესეები თემაზე "საქართველოს ევროინტეგრაცია და მე". კომპეტენტური ჟიური შეაფასებს ნაშრომებს და გამარჯვებული დაჯილდოვდება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა კი ევროიტეგრაციის პროცესის შედეგად განათლების სფეროში მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა.

შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

იხილეთ ვიდეო რეპორტაჟი მოცემულ ბმულზე