კონცერტს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უმასპინძლა. ფესტივალში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის აჭარისა და თბილისის სახელოვნებო სკოლების 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
"ეს ფესტივალი ძალიან წარმატებული პროექტია, ის აერთიანებს საინტერესო ნომრებს, რომლებსაც ასრულებენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი პატარები სხვადასხვა ქალაქიდან და დასახლებიდან. წარმოდგენილი რეპერტუარი მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამ ფესტივალს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - ის ახდენს იმ მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის დემონსტრირებას, რომელიც აქვს ჩვენს მრავალეთნიკურ ქვეყანას. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მრავალფეროვნებას და ამავდროულად, წარმატებულად გავატაროთ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხლეშვილმა.
ფესტივალი წელს მერვედ გაიმართა. გასულ წლებში ღონისძიებას დმანისი, წალკა, მარნეული, ბოლნისი და თბილისი მასპინძლობდა. ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღვივება, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბება და მოსწავლეთა პროფესიული დონის ამაღლებაა.
ფესტივალის ინიციატორი სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა, მხარდამჭერები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს გაეროს ასოციაცია არიან.