უწყებათაშორისი კომისიის სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დღეს გაიმართა.
კომისიის წევრებმა თემაზე "საქართველოს ევროინტეგრაცია და მე" გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობისას შესული ესეები განიხილეს და სამი გამარჯვებული გამოავლინეს. როგორც სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, კონკურსმა სტუდენტებში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.
"დღეს, კომისიის შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა იმ კონკურსანტის ნაშრომი, ვინც გამოაგზავნა ესე თემაზე "საქართველოს ევროინტეგრაცია და მე". ძალიან კარგი კონკურსანტები გვყავდა. კარგებს შორის კი საუკეთესოები შევარჩიეთ. კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა არა მარტო იმ სტუდენტებისთვის ვინც მიიღო მონაწილეობა, არამედ ჩვენთვისაც, იმისათვის, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში გავცნობოდით სტუდენტების კრიტიკულ მოსაზრებებსა თუ წინადადებებს" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გამარჯვებულების ვინაობა 12 ივნისს გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინდივიდუალურ პორტატულ კომპიუტერებს გადასცემს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული, "4 პლიუს 1" პროგრამაში მონაწილე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის ესეების კონკურსი 19 მაისს გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს უნდა მოემზადებინათ ესე თემაზე: "საქართველოს ევროინტეგრაცია და მე".
ნაშრომი უნდა ასახავდეს, თუ რას ნიშნავს ავტორისათვის ევროინტეგრაცია, როგორ ესმის მას საქართველოს ევროპული არჩევანი და რას გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესი. ესეში წარმოდგენილი უნდა იყოს სტუდენტის მოლოდინი, მოსაზრებები იმ პერსპექტივების თაობაზე, რაც ამ პროცესიდან და საქართველოს ევროპული არჩევანიდან გამომდინარეობს ქვეყნისთვის, კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და პირადად მისთვის. ნაშრომების მიღების ვადა 4 ივნისს ამოიწურა.