როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, მათ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღის წესრიგიდან დევნილთა საკითხის ამოღება მოითხოვეს და სხდომა დატოვეს.
"ისინი ამ მოთხოვნის საბაბად დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ასახელებდნენ. აფხაზი და ოსი მონაწილეების შემდეგ სხდომა რუსმა მონაწილეებმაც დატოვეს. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ კიდევ ერთხელ სცადეს დევნილების თემით პოლიტიკური სპეკულაცია. დევნილთა თემა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია და მისი დღის წესრიგიდან ამოღება არ მოხდება. სწორედ ეს და კიდევ რამდენიმე საკითხია, რომელთა გამოც არსებობს ჟენევის დისკუსიების ფორმატი, ამდენად დევნილთა თემაზე არანაირი კომპრომისი არ იქნება. პირიქით - ჩვენ ვცდილობთ, ეს თემა კონსტრუქციულ რეჟიმში დაიძრას ადგილიდან", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს.
მისივე განცხადებით, მიუხედავად მეორე ჯგუფის სხდომის ჩაშლისა, ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხები თანათავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში განიხილა.
"ჩვენ თანათავმჯდომარეებთან განვიხილეთ გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის ახალგორის მიმართულებით, საკითხი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის თემა. ასევე, ვიმსჯელეთ გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების მოსახლეობის პრობლემებზე. ამდენად, იმის მიუხედავად, რომ მეორე ჯგუფის სხდომა ჩაიშალა, ჩვენ ამ საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მაინც შევძელით და ველოდებით მათი მეშვეობით რეაგირებას და ეფექტურ ნაბიჯებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის დისკუსიების 17-18 ივნისის რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ქართული მხარე გადაადგილების თავისუფლების, ადამიანის უფლებათა დაცვის და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად კვლავ გეგმავდა დევნილთა დაბრუნების საკითხის დაყენებას.