პაატა ზაქარეიშვილი მარნეულში აბიტურიენტების პრეტესტირებას დაესწრო

20 June 2014

მარნეულში, "ათაჰოლდინგ ცენტრში" ჩატარებულ პრეტესტირებაში ქვემო ქართლიდან 250 აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.

"პრეტესტირების საშუალებით აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, შეამოწმონ, რამდენად არიან მზად პროგრამაში "1 პლიუს 4" უნარების გამოცდის ჩაბარებისთვის. თავად პროგრამა "1 პლიუს 4", რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის არის შემუშავებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ უმაღლესი განათლება. ამ პროგრამით მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონიდან უკვედაახლოებით 1500 სტუდენტი სწავლობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ახალგაზრდებს სწავლისა თუ მუშაობისთვის არ მოუწევთ სხვა სახელმწიფოებში გასვლა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პრეტესტირების პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილიც დაესწრნენ.