შეხვედრაზე გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები, გადაადგილების თავისუფლებისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაცრად გააპროტესტა გამყოფ ხაზზე, მათ შორის სოფელ ქერეში, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დააყენეს წყალმომარაგებისა და საძოვრებზე წვდომის საკითხები. სოფელ სამებას წყალმომარაგების საკითხის განხილვისას ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ახალგორის რაიონში საძოვრებზე წვდომის საკითხსაც შეისწავლიან.
დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო გამყოფ ხაზზე დაკავებების, ცხინვალის იზოლატორში მყოფი და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდნენ.
სოფელ ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.