ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციის წევრებს კონფლიქტების მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო.
კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კონგრესმენების მრჩევლებს კონფლიქტების მოგვარების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო მიდგომებზე, ხალხთა შორის კონტაქტებზე, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა გადაადგილების თავისუფლებისა და იმ სხვა პრობლემებზე, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას გამყოფ ხაზზე გავლებული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.
"ეს ბარიერები პრობლემებს უქმნის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს მთავრობა ცდილობს, მათ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს პირობები. ჩვენ მზად ვართ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისთვის და შესაბამისი წინადადებებიც წარვუდგინეთ დე ფაქტო ხელისუფლებებს, მათ შორის მაგალითად, ახალგორის რაიონისთვის გაზის მიწოდების თაობაზე", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
დელეგაციის წევრები მხარეებს შორის კონტაქტით და კონფლიქტების მოგვარების პროცესში დასავლეთის როლით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და ამერიკელი კონგრესმენების მრჩეველთა დელეგაციის შეხვედრა გორში გაიმართა. დელეგაციის წევრები დღესვე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებშიც იმყოფებოდნენ.
დელეგაცია საქართველოში აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის (MECEA) ფარგლებში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, არასამთავრობო სექტორისა და ქართულ-ამერიკული ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დელეგაციის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან.