"ეს იყო პოლიტიკოსი, რომელსაც დრამატულ პერიოდში ცხოვრება და ბევრი დრამატული გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რომელთა ნაწილი დღემდე საკამათოა. პირადად მე ხშირად ღიად და მკაცრად ვაკრიტიკებდი მას. თუმცა ამის მიუხედავად, მან არსებითი მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკის შეცვლაში, არამედ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომლებიც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისი გახდა", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილმა.
კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. "2002 წლის პრაღის სამიტზე სწორედ შევარდნაძემ შეიტანა განაცხადი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დაწყებაზე. ასევე, შევარდნაძემ მოუპოვა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რომლის მნიშვნელობაც დღეს უკრაინის კრზისის ფონზე ასე მკაფიოა. უნიკალური პროექტების - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის საქართველოზე გატარება სწორედ მისი უშუალო ჩართულობით, ჰეიდარ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგად იქნა მიღწეული. ეს პროექტები საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს და საქართველო უფრო მდგრად პოლიტიკას ახორციელებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი ედუარდ შევარდნაძის საქმიანობიდან საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის დაწყებასაც იხსენებს. "1999 წლის დეკემბერში შევარდნაძემ და ელცინმა ხელი მოაწერეს ოთხი რუსული ბაზის გაყვანის შეთანხმებას. შედეგად, პირველ ეტაპზე გაყვანილი იქნა გუდაუთისა და ვაზიანის ბაზები, ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების გაყვანის ვადა 2008 წლამდე უნდა შეთანხმებულიყო. სამწუხაროდ, შემდგომმა ხელისუფლებამ 2008 წელს არა თუ ბაზების გაყვანის პროცესი მიიყვანა ბოლომდე, არამედ ისეთ პროვოკაციას წამოეგო, რომ დღეს საქართველოს ტერიტიტორია კიდევ უფრო მეტად არის დამძიმებული რუსული სამხედრო ბაზებით. ასევე, შევარდნაძემ მოახერხა ხელისუფლებაში შეზრდილი კრიმინალის განადგურება და ეს იმ კრიზისულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.