შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში ასოციაცია "იმედი" - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის" ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაზე კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკაზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე, გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხზე და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე იმსჯელეს. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა.
"ეს იყო საინტერესო შეხვედრა, რომელიც "იმედის" ინიციატივით გაიმართა. ამგვარი შეხვედრები გვარწმუნებს ადგილობრივი ინიციატივების წახალისების აუცილებლობაში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ეს შეხვედრები გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების კონტაქტებს და ნდობის მშენებლობას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანი სამშვიდობო რესურსია", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.