კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და მიმდინარე წელს კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობა.
"კომისიის სხდომაზე განვიხილეთ სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, ასევე წარმოვადგინეთ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2014 წლის პირველი ნახევრისათვის. განხილულ იქნა ასოცირების შეთანხმებისა და რატიფიცირების კონტექსტში წარმოქმნილი ჩართულობის ახალი ინსტრუმენტები, რაც სამშვიდობო პროცესისათვის მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს. მათ შორის, მიმოვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობის შესაბამისად, როგორ გავრცელდეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობაზე. სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა გარკვეული წინადადებები, რისი განხილვაც შედგა სამთავრობო კომისიის ფარგლებში. მოინიშნა სამომავლო გეგმებიც" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კომისიის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი იღებს.