ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, სუვერენიტეტისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ მთლიანად სამშვიდობო პოლიტიკაზე, კონფლიქტების მოგვარების ძირითად ასპექტებზე, ჩვენს სტრატეგიებსა და იმ ინსტრუმენტებზე, რასაც ჩვენ ვიყენებთ ამ პროცესებში. ასევე საუბარი იყო სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. განხილულ იქნა ასოცირების შეთანხმებისა და რატიფიცირების კონტექსტში წარმოქმნილი ჩართულობის ახალი ინსტრუმენტები, რაც სამშვიდობო პროცესისათვის მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს. მათ შორის, მიმოვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობის შესაბამისად, როგორ გავრცელდეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობაზე. ელჩები კონკრეტული კითხვებითაც დაინტერესდნენ" - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამბასადორიალი 2014 წლის 4 აგვისტოს გაიხსნა და 5 აგვისტოს დასრულდება. მასში მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ.