პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულ ჯარისკაცებს და მათი ოჯახების წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
"მინდა, დაღუპული მებრძოლების ოჯახებს და მთელ საქართველოს მივუსამძიმრო. მსხვერპლი ძალიან დიდი იყო და სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამის თავიდან აცილება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მსხვერპლი მომავალში თავიდან ავიცილოთ - ჩვენ გმირები ცოცხლები გვჭირდება. ქართველმა ერმა თავისი წიაღიდან შვა ეს გმირები და ჩვენი მოვალეობაა, პატივი მივაგოთ მათ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მომავალში მსგავსი რამ არ დავუშვათ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მუხათგვერდის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი სოფელ შინდისში გაემგზავრა. მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად ყვავილებით შეამკო 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 ჯარისკაცის მემორიალი. შინდისის შემდეგ კი პაატა ზაქარეიშვილი და სოზარ სუბარი სოფელ ატენში ესტუმრნენ ნიკოლოზ ვანიშვილის ოჯახს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 30-მდე დევნილი ერთი თვის განმავლობაში შეიფარა. მინისტრებმა ოჯახის წევრებს და მთლიანად სოფლის მოსახლეობას მადლობა გადაუხადეს.
ატენიდან პაატა ზაქარეიშვილმა და სოზარ სუბარმა გორში გადაინაცვლეს, სადაც ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი. ისინი საბრძოლო დიდების მუზეუმსაც ესტუმრნენ.