ქეთევან ციხელაშვილი გორის ოფისის ხელმძღვანელს ჰანს შნეიდერს და მისიის დამკვირვებლებს შეხვდა.
დამკვირვებლებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდეს ინფორმაცია გამყოფ ხაზთან არსებული მდგომარეობის, მათ შორის მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილი ვითარების, სოფლების პრობლემების შესახებ.
ქეთევან ციხელაშვილმა მისიის თანამშრომლებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მან დეტალურად ისაუბრა კომისიის საქმიანობის ფარგლებში განხორციელბულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, მიმოიხილა ის პროექტები, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში საერთაშორისო დონორების დახმარებით ხორციელდება.
"მართლაც საინტერესო შეხვედრა იყო, რამდენადაც, ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ საველე პირობებში რეგიონის დათვალიერება და ვითარების გაცნობა. მათგან მოვისმინეთ საყურადღებო ინფორმაცია და მინიშნებები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მისიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მისიის საქმიანობა გავრცელდეს გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც, სადაც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ანალოგიური პრობლემები დგას", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მისიის თანამშრომელთა კითხვებსაც უპასუხა.