პაატა ზაქარეიშვილი სკოლის სამშენებლო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად გაეცნო.
"ყველას ვულოცავ ფერისცვალების დღესასწაულს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვამბობდი, რომ საქართველოში ფერისცვალება დაიწყებოდა და ეს სკოლა არის იმის ნიმუში, თუ რამდენად შეიაცვალა დამოკიდებულება კონფლიქტების მიმართ. მშვიდობიან ნაიჯებს მოაქვს სკოლებისა და გზების მშენებლობა, სოფლების გაზიფიცირება. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრები ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
სოფელ აბანოში სკოლის მშენებლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აწარმოებს. ამ ეტაპზე, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის ახალი შენობა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, გათბობის სისტემით, სტადიონით, შიდა სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით, სკოლას ექიმის კაბინეტიც ექნება, აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.
სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა.