პაატა ზაქარეიშვილი ბოლნისის მეორე საჯარო სომხურენოვან და სოფელ ტალავერის პირველ საჯარო აზერბაიჯანულენოვან სკოლებში იმყოფებოდა.
ბოლნისის სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. მოსწავლეებს სკოლის დირექტორი მანანა ადამია მიესალმა და სიტყვა სახელმწიფო მინისტრს გადასცა.
"მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში გვაქვს საჯარო სკოლები, სადაც ეთნიკური უმცირესობების ენებზე მიმდინარეობს სწავლება. ეს სკოლები არის გარანტია იმისა, რომ თქვენს იდენტობას, კულტურასა და თვითმყოფადობას საფრთხე არ შეექმნება და მთავრობა ზრუნავს, რომ ამ სკოლებმა იფუნქციონიროს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა კარგად უნდა აითვისონ სახელმწიფო ენა, რათა სკოლის დასრულების შემდეგ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია საერთო ქართულ სახელმწიფოში და ისინი მართლაც კონკურენტუნარიანი სპეციალისტები იყვნენ. ამიტომ მოვუწოდებ მათ, დაეუფლონ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენას და იყვნენ ღირსეული შვილები საკუთარი ეთნიკური წარმომავლობისა და საქართველოს ღირსული მოქალაქეები", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მოსწავლეებმა ეროვნული და ქართული ცეკვები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს. ცერემონიაში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ სავალან მირზოევმა და ბოლნისის გამგებელმა გიორგი მეშველიანმაც მიიღეს მონაწილეობა.
ბოლნისიდან სახელმწიფო მინისტრი სოფელ ტალავერში გაემგზავრა, ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა და პირველკლასელებს ნეთბუქებიც გადასცა. მოსწავლეებმა მცირე კონცერტი ტალავერის სკოლაშიც გამართეს.