როგორც სახელმწიფო მინისტრმა ღნიშნა, ამგვარი ნაბიჯებია სახელმწიფოს პასუხი მავთულხლართებსა და ოკუპაციაზე.
"დვანში აღდგა საბავშვო ბაღი, რაც იყო გათვალისწინებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების სახელმწიფო პროგრამით. ამ პროექტის განხორციელებაში გვერდით დაგვიდგნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და 50 ბავშვი თანამედროვე, კომფორტულ ბაღში აღიზრდება. ეს არის ამ სოფლებზე ზრუნვის ერთ-ერთი შემადგენელი - მალე დასრულდება დვანის და მიმდებარე რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება, მიმდინარეობს წყლის სისტემების რეაბილიტაციაც. სწორედ ამგვარი ნაბიჯებია ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობა შევინარჩუნოთ ადგილზე და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საბავშვო ბაღის გახსნა ბავშვებს მიულოცეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სიმონე ვოლკენმა. ცერემონიაში ასევე მიიღო მონაწილეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
ბავშვებისთვის კოსტიუმირებული წარმოდგენაც გაიმართა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ევროკავშირმა და გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა დააფინანსა და გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა. რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი სოფლების - დვანისა და ტახტისძირის 50 აღსაზრდელს ემსახურება.