განმარტება კანონში შესატან ცვლილებებზე

26 September 2014

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დასკვნები და რეკომენდაციები ოპონენტთა მხრიდან ხშირად ხდება არასწორი ინტერპრეტირების და ხელისუფლების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების საგანი. მაგალითისთვის, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძის უარყოფს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში კანონის გადახედვის რეკომენდაციას.

გვსურს, განვმარტოთ, რომ სწორედ აღნიშნული კანონის გადახედვის შესახებ პირდაპირ მითითებას შეიცავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი. კერძოდ, დოკუმენტის ქვეთავში "კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება" აღნიშნულია: "ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიღმა, ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვა, როგორიცაა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი.

გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტისა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გადახედვისკენ მოწოდება გვხვდება ასევე 2013 წლის "საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის იმპლემენტაციის ანგარიშსა და რეკომენდაციებში", რომელშიც ევროკავშირი, მიესალმება რა საქართველოს ხელისუფლების ღია და პოზიტიურ ნაბიჯებს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით, ამავდროულად აცხადებს: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მნიშვნელოვანი გადახედვა კვლავაც რჩება, როგორც აუცილებელი ნაბიჯი, ასოცირების შეთანხმებიდან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) მომდინარე სარგებლის მაქსიმიზებისათვის".

http://eeas.europa.eu/enp/pdf/2014/country-reports/georgia_en.pdf

აქვე მოგვყავს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც კომისიამ 2013 წლის 9 დეკემბერს, 97-ე პლენარულ სხდომაზე ერთხმად დაამტკიცა. დასკვნის მე-14 პუნქტში კომისია მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა მიზანია ოკუპირებულ ტეროტორიებზე უკანონო შესვლისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის შერბილება.

მეტიც, ამავე დასკვნის მე-15 პუნქტში ვკითხულობთ: "მიუხედავად ამისა, კიდევ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისათვის დაწესებული სანქციები მთლიანად დეკრიმინალიზირებული ყოფილიყო და გამონაკლისის გარეშე მოქცეულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ქვეშ. ასეთი ნაბიჯი შექმნიდა კიდევ უფრო მეტ მოქნილობას და მეტად შეუწყობდა ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩართულობის პოლიტიკას".

გარდა ამისა, ამავე დასკვნაში ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საჭირო იყო დამატებითი ცვლილებების განხორციელება, ასევე, იმ სხვა შენიშვნების საპასუხოდ, რომელიც ვენეციის კომისიამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით თავის წინა დასკვნებში, ჯერ კიდევ 2009 წელს დააფიქსირა.

http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2013)036-e

აქვე აღვნიშნავთ, რომ ვენეციის კომიის წინა დასკვნების საფუძველზე 2008-2009 წლებში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.

ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტმა დაიწყო 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე და პირველი მოსმენით მიიღო. ამ მომენტისათვის კანონპროექტი მხარდაჭერილია მეორე საკომიტეტო მოსმენაზე და მომზადებულია მეორე პლენარული განხილვისთვის.