პაატა ზაქარეიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებს და ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის" შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. შეკრებილებს გააცნეს სტრატეგიის განხორციელების შედეგები და ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ რჩება. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საკითხებზე, რომლებსაც მათი განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მათ შორის სახელმწიფო ენის სწავლების, ჯანდაცვის მომსახურების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და დასაქმების თემებზე.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულებისას გამოვლინდა.
"რა თქმა უნდა, გვაქვს წარმატებები, თუმცა, რჩება გარკვეული ხარვეზები და გრძელდება მუშაობა, რათა ხელი შევუწყოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვან ინტეგრაციას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე და ყველა გამოვლენილი ხარვეზი ახალ დოკუმენტებში იქნება გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს, რათა სწორედ საზოგადოებისგან მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებსაც ახალ დოკუმენტებზე მუშაობისას გავითვალისწინებთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.