კერძოდ, 22 სექტმებრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პოლონეთის დედაქალაქში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური "ადამიანური განზომილების იმპლემენტაციის შეხვედრა" გაიმართა.
საქართველო დელეგაციის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ტანგიაშვილი მოხსენებით გამოვიდა და მიმოიხილა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები.
ამასთან, ქართულმა მხარემ ისაუბრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო საზოგადოებას და კერძოდ ეუთო-ს მოუწოდა, არ მოადუნოს ყურადღება საქართველოში კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის პრობლემების მიმართ და მოითხოვოს რუსეთისგან, როგორც ეუთო-ს წევრისგან, მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენციის პარალელურად გაიმართა შეხვედრა-დისკუსია, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვის პროცესის თაობაზე. შეხვედრის ბოლოს ნაჩვენებ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაკვეთით მომზადებული დოკუმენტური ფილმი გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ასევე მონაწილეობა მიიღო "აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" მიერ ორგანიზებულ შეხვდრა-დისკუსიაში "უმცირესობათა უფლებები, კონფლიქტი და შერიგება: სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების როლი".
ეუთო-ს "ადამიანური განზომილების იმპლემენტაციის შეხვედრა" ევროპის ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენციაა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თემაზე. მასში მონაწილეობს ეუთოს 53 წევრი ქვეყანა, ისევე როგორც ეუთო-ს სტრუქტურაში შემავალი ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი კვირის განმავლობაში დელეგატები განიხილავენ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას, გამოწვევებს, პოზიტიურ გამოცდილებას და შესაბამის რეკომენდაციებს.