კონფლიქტების გაშუქების თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს აპარატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მიაწოდა. მან ასევე განიხილა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები, სხვა აქტორების როლი, კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები. "კონფლიქტების მიმართულებით არის საკითხები და თემები, რომლებზეც საჯაროდ საუბარი ხშირად არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ ამგვარი შეხვედრები მართლაც კარგი ფორმატია კონფლიქტების თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის იმ ინფორმაციის მისაწოდებლად, რომელიც მათ არსებული სურათის სრულად დანახვაში დაეხმარება. ასევე, საინტერესო იყო მათი მოსაზრებებისა და პოზიციების მოსმენა. ვფიქრობ, სასარგებლო შეხვედრა შედგა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ კი ჟურნალისტებს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ტანგიაშვილმა მიაწოდა. შეხვედრის მიმდინარეობისას სხვადასხვა თემაზე გაიმართა დისკუსიები. ორდღიან საინფორმაციო შეხვედრაში ტელე და რადიომაუწყებლების, ბეჭდური გამოცემებისა და ახალი ამბების სააგენტოების 14 ჟურნალისტი მონაწილეობდა.