პანკისის ხეობაში კონფერენცია “უკეთ გავიცნოთ კავკასია” გაიმართა

21 October 2014

კონფერენცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

უ.ა. მარგოშვილის სახელობის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობების კაბინეტის მოსწავლეებმა, ასევე ქალაქ ბორჯომის პირველი საჯარო სკოლისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. სკოლის მოსწავლეებმა და სტუმრებმა წარმოადგინეს ნამუშევრები კავკასიის ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის, ასევე კავკასიელი ხალხების ტრადიციების, ადათ-წესებისა და თანამედროვე ყოფის თემებზე. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა კავკასიური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური დიპლომები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბატონ პაატა ზაქარეიშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ბატონ ლევან ყიფიანის ხელმოწერებით.

ახალგაზრდებმა და პედაგოგებმა ასევე დაათვალიერეს პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ბაწარისა და ხადორის ხეობები. მოსწავლეებს, ასევე, საჩუქრად გადაეცათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურად მათთვის დამზადებული მაისურები.