სხდომაში მონაწილეობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ასევე სხვა სამინისტროების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
"დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე სამინისტროებმა წარმოადგინეს ანგარიში, თუ რა მიმართულებით მიდის მუშაობა, რა გავაკეთეთ და რა არის გასაკეთებელი. ზამთარი მოდის და ჩვენი მხრიდან მეტი ღონისძიების განხორციელებაა საჭირო. სხდომაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის პროექტიც განვიხილეთ. სტრატეგია არა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარებას, ასევე გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების დაცვასაც ითვალისწინებს. სტრატეგიის მომზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა და უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გავიტანთ. დარწმუნებული ვარ, დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ დონორებს მოვიზიდავთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას თანაბრად დაეხმარნენ. სხდომაზე, ასევე განათლების სამინისტროს წარდგინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2014-2015 წლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლა დაფინანსდეს. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ზამთარში ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის გათბობის საკითხი შარშანდელი სქემით მოგვარდეს", - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა.