პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს მოსახლეობას ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ულოცავს

16 November 2014

"ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოების თითოეულ წევრს ვულოცაც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნებით, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრესა და სიძლიერეს, ჩვენი სტაბილური და დემოკრატიული განვითარების პირობას. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება უზრუნველყოს ქვეყნის თითოეული მოქალაქის თანასწორუფლებიანობა, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ტოლერანტული გარემოს განმტკიცებასა და გაძლიერებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შემწყნარებლობის პრინციპების დამკვიდრება და ეფექტიანი განხორციელება მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობით",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.