რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. იგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და ზოგადად ევროპულ უსაფრთხოებას.
მოსკოვის ეს ნაბიჯი იდგმება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გამოხატავენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილს, ხოლო საქართველოს მხრიდან გადაიდგა არაერთი პრაქტიკული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.
საქართველოს მთავრობა არასდროს იტყვის უარს თავისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე და ამ საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციის ხარისხს განსაზღვრავს რუსეთის მიერ ამ პრინციპის პატივისცემა.
აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულების არსი ნათელყოფს იმ გამოწვევას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. მიუხედავად ამ გამოწვევისა,საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია , ხოლო ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეუქმნას ევროპული განვითარების პერსპექტივა, რომელიც არაა მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.
საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთის აღნიშნული ქმედებების თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, იგი სრულად გამოიყენებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატებს, მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომელიც 9-10 დეკემბერს შედგება, საქართველო მწვავედ დასვამს ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერის საკითხს.
საქართველოს მთავრობა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მასზე.