დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე - მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემა იქნება განხილული. ჯგუფის სხდომაზე ქართული მხარე ასევე დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალისა და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებების შელახვის, გადაადგილების თავისუფლების, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის და შექმნილი კრიმინალურ მდგომარეობის საკითხებს.
ქართული მხარე ასევე, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დააყენებს ახალგორის გაზმომარაგების პრობლემას. მეორე სამუშაო ჯგუფში ქართული დელეგაციის წევრები ასევე, გეგმავენ კულტურული მემკვიდრეობის საკითხების განხილვას.
დისკუსიების 30-ე რაუნდზე ასევე, დადგება რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ქართული მხარე ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ქართული დელეგაცია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.