ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 30-ე რაუნდი გაიმართა.

11 December 2014

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილების უსაფრთხო დაბრუნების საკითხი დააყენა.

"სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, დისკუსიების ცენტრალურ თემა - ოკუპირებულ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ აქტიურად დაგვიჭირეს მხარი. ასევე, ხაზი გავუსვით ჰუმანიტარული ხასიათის რამდენიმე მწვავე საკითხს მოგვარების აუცილებლობას. ჩვენ, განსაკუთრებით მწვავედ დავაყენეთ ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის მიმართულებით მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებისა და განათლების მშობლიურ ენაზე მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათ შორის, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს, უკანონო დაკავებებს, გატაცების შემთხვევებს და გადაადგილებაზე სხვადასხვა ფორმით დამატებითი შეზღუდვების შემოღებას. მოვუწოდეთ, თანათავმჯდომარეებს და მონაწილეებს, რომ ეს საკითხები დროულად მოგვარდეს. ჯგუფში კონსტრუქციულად იქნა განხილული კულტურული მემკვიდრეობის თემა. თუმცა, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი რიგი საკითხები ღიად დარჩა, რაზეც ქართული მხარე აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. სამწუხაროდ, ახალგორში გაზის მიწოდების საკითხის გაზიარება კვლავ არ მოხდა, რასაც ქართული მხარე მოსახლების ინტერესების გათვალისწინებით უკვე ორი წელია სთავაზობს. ჩვენ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა ამ თემებზე შესაბამისი მუშაობისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დისკუსიების 30-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2015 წლის მარტში გაიმართება.