ოკუპანტი მხარე ცდილობს, გაანადგუროს ისინი და წაშალოს ქართული კვალი. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობდნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის საკითხთა სამმართველოს უფროსის, მარინა სალუქვაძის განცხადებით, უკანასკნელი წლების მანძილზე, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას, არასწორი მოპყრობისა თუ ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა. დარღვეულია "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ" 1954 წლის ჰააგის კონვენცია და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმები. 2012 წლიდან მუშაობს უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იკვლევს და აგროვებს მასალებს ძეგლების მდგომარეობის შესახებ, თუმცა, როგორც სხდომაზე ითქვა, ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, "სათავე უნდა დაედოს საკითხის გააქტიურებას და მასში სხვადასხვა სტრუქტურების ჩართვას. უშველებელი ინტელექტუალური რესურსია საქართველოში დაგროვილი, რომლებიც მოწოდებულნი არიან გადაარჩინონ კულტურული მემკვიდრეობა. გამყოფი ხაზი არის ოკუპაცია და პოლიტიკური თემები, რომელიც სამწუხაროდ ფარავს იმას, რასაც ჰქვია ჩვენი საერთო ისტორია და მემკვიდრეობა. მით უმეტეს, რომ ეს ძეგლები მარტო საქართველოს კუთვნილება არაა, ისინი მსოფლიო კულტურის ნაწილია". გაფართოებულ ფორმატში ამ საკითხის განხილვას პარლამენტი კვლავ მიუბრუნდება. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და "იუნესკოს"; წარმომადგენლები. ასევე, პრობლემაზე მომუშავე სამეცნიერო წრეებისა და ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.