სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ტერაქტი, არ არის მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოების დატერორება, მსხვერპლის რაოდენობაზე გათვლილი მოქმედება, რასაც ტერორისტები დღემდე აკეთებდნენ. ეს არის მიზანმიმართული, უპრეცედენტო ტერორისტული აქტი დემოკრატიული ფასეულობების - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
"ვუსამძიმრებ მთელ ფრანგ ერს, რომელიც არის დემოკრატიისა და თავისუფლების ავანგარდში. ეს არის სერიოზული გამოწვევა დემოკრატიული სამყაროსთვის და შემთხვევითი არ არის, რომ ტერორისტებმა ფრანგი ჟურნალისტები აირჩიეს, რადგან საფრანგეთი არის დემოკრატიის აკვანი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერაქტმა გამოაფხიზლოს მთელი სამყარო, მათ შორის ისინიც, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს არ სცნობენ. საზოგადოებაში შეუძლებელია არსებობდეს მოქმედება, რომლის პასუხიც შეიძლება იყოს მკვლელობა. განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა სიკვდილით დასჯა გააუქმეს, მათ შორის ყველაზე საშინელი დანაშაულის ჩამდენების მიმართაც კი, რადგან მკვლელობა არ შეიძლება იყოს პასუხი არაფრის წინააღმდეგ. სიტყვას შეიძლება მხოლოდ სიტყვა დაუპირისპირო.
ვინმესთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის, პოლიტიკოსის თუ ნებისმიერი ადამიანის შეფასება, მან იგივე ფორმით უნდა უპასუხოს და არა ძალადობით და მითუმეტეს მკვლელობით.
დარწმუნებული ვარ, ფრანგი ჟურნალისტების მსხვერპლი გახდება საფუძველი ისეთი დემოკრატიული ღირებულებების, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იმ სამყაროში გავრცელებისა და დამკვიდრების, რომელიც დღეს ამას არ სცნობენ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.