"სტუმრად გვყავს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც ახალი წელი მივულოცეთ და საცირკო წარმოდგენაზე დავპატიჟეთ. როგორც ეს ბავშვები, ისე მათი მშობლები გმირები არიან, რადგან მიუხედავად რთული პირობების ადგილზე რჩებიან და იქიდან ამყარებენ საქართველოს სახელმწიფოს. ჩვენ, მხოლოდ მსგავსი ღონისძიებებით არ შემოვიფარგლებით და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გრძელვადიან პროექტებსაც ვახორციელებთ, როგორიცაა გაზიფიცირება, სოფლების სარწყავი და სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ასევე, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობა", - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.
ბავშვების საახალწლო წარმოდგენაზე ჩამოყვანა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა.
საახალწლო საცირკო წარმოდგენას გუგუთიანთკარიდან, კოშკადან, მერეთიდან და ზარდიანთკარიდან 42 ბავშვი დაესწრო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ მათ სახელმწიფო მინისტრის აპარატი "მაკდონალსდში" გაუმასპინძლდა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.