გამყოფი ხაზის გასწვრივ 50-ზე მეტი სოფელი მდებარეობს. მთავრობამ ამ სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბევრ სოფელში გაზიფიცირებასთან ერთად სასმელი და სარწყავი წყლის, გზების, სავადმყოფოების, ამბულატორიების, სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია უკვე ხორციელდება. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე, რომელიც თავის დროზე დაიწყო, - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ქვემოჭალის თემის სოფლების: ვაკეს, გორაკასა და ახლაშენის სრული გაზიფიცირებისთვის აშენდა 10 692 მეტრის საშუალო წნევის გაზსადენი. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ქვემო ჭალის თემში მცხოვრები 162 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.
პროექტის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელი: ვაკე, ახალშენი, გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზადიაანთკარი, საკორინთლო დ პანტიანი. სოფლების გაზიფიცირებისათვის აშენდა 36 202 მეტრი საშუალო წნევის გაზსადენი და ბუნებრივი აირის მისაღებად 648 ოჯახში უკვე დამონტაჟდა ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარის გამოიყო.
გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.