დიცის საბავშვო ბაღის გახსნას ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ამერიკისა და ლატვიის ელჩები და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. სოფელ დიცში, სადაც რამდენიმე ასეულ მეტრში მავთულხლართებია გავლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია, სოფლები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს მოსახლეობას გაუმჯობესდეს მძიმე პირობები, რომელშიც უწევთ ცხოვრება. ჩვენ უკვე შევძელით ამ სოფლების გაზიფიცირება, რამდენიმე სკოლების, საბავშვო ბაღების, სასმელი და სარწყავი არხების რეაბილიტაცია-მშენებლობა, სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილი მშვიდობისთვის. ეს საბავშვო ბაღიც ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯია.მინდა ბავშვებს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე და ვუსურვო მშვიდობიან, განვითარებულ და ერთიან საქართველოში ცხოვრება. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს ლატვიის საელჩოს და ასევე ყველა ჩვენ პარტნიორს, რომლებიც გვეხმარებიან ამ სოფლებში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში", - განუცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში 25 წელია, რაც საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 2014 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე ბერძნული სამედიცინო ფონდის "ჰიპოკრატე" დახმარებით, გარემონტდა მუნიციპალური შენობა. საბავშვო ბაღის ინვენტარით სრულად აღჭურვა უზრუნველყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლატვიის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში. სოფელ დიცში ამჟამად 2-დან 5 წლამდე ასაკის 60 აღსაზრდელია, რომლებიც ისარგებლებენ ახალი საბავშვო ბაღის მომსახურებით.