სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძირა და მათი საფლავი გვირგვინით შეამკო.
"ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაიბრუნეს საკუთარო ოჯახის წევრების ნეშტები და იციან სად არის მათი საფლავი. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დიდი ტრაგედიას, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს დღე არის კიდევ ერთი გახსენება იმის, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა მხოლოდ მშვიდობიანი უნდა იყოს. დადგა დრო, ჩვენი ხალხების შერიგების და იმის გაცნობიერების, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები აღარ უნდა აღმოჩნდნენ ასეთი ტრაგედიის წინაშე",- განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.
გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულიძის ნეშტები დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია.წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს.
2014 წლის გაზაფხულზე, არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ექსპერტებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 1500-მდე ნათესავის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს, აქედან მომზადდა 230 გენეტიკური პროფილი, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ექსპერტიზის ბიურომ განახორციელა.
საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები გადაგზავნილ იქნა ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში, სადაც შედარება მოხდა ექსჰუმირებული ნეშთების გენეტიკურ პროფილებთან. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს ოთხი ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ოთხივე ნეშტი ერთი ოჯახის აღმოჩნდა - ბელა ზალდასტანიშვილის ორი ძმა და ორი შვილი, რომლებიც დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.