სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ექსპერტებს გააცნეს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომელიც აპარატმა დამოუკიდებელი ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ზოგადი და უმაღლესი განათლების კუთხით არსებულ პროგრამებზე, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზებზე. ცალკე განხილვის თემას წარმოადგენდა საჯარო უწყებებთან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენაზე კომუნიკაციის საკითხი.
შეხვედრაში მონაწილება მიიღეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამომადგენლებმა.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის შემფასებელი მისიის ექსპერტები შეხვედრებს ასევე გამართავენ მარნეულსა და ახალქალაქშიც, სადაც ეწვევიან საჯარო სკოლებს, შეხვდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას.