მარნეულში აბიტურიენტებს "1 პლიუს 4" პროგრამა და „სამართლის საბაკალავრო პროგრამა“ გააცნეს

25 February 2015

შეხვედრას 100-მდე მე-12 კლასელი დაესწრო, რომლთაც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეზე და პროგრამა "1 პლიუს 4"-ს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ღონისძიებაზე მოსწავლეებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა გამართა პრეზენტაცია თემაზე "სამართლის საბაკალავრო პროგრამა", რის შემდეგ აბიტურიენტების კითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბაკალავრო პროგრამის დეტალურად გასაცნობად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით აბიტურიენტები შსს-ს აკადემიასაც ეწვევიან.

ამასთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის გავლაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი დაეხმარება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ზაურ დარგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, სავალან მირზოევმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორმა მაია გაბუნიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ, მარნეულის რესუს ცენტრის ხელმძღვანელმა რუსლან გაჯიევმა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროექტების მენეჯერმა ემინ ახმედოვმა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა "1 პლიუს 4" საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ამ პროგრამის მეშვეობით მშობლიურ ენაზე უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ 1 წლის განმავლობაში ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადიან. აღნიშნული კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მეორე წელს პირველი კურსიდან აგრძელებენ სწავლას.