ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური კუთხე გაიხსნა

26 February 2015

"პროექტის განხორციელებისთვის მადლიერება მინდა გამოვხატო ეროვნულ ბიბლიოთეკის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობების მიმართ, ისევე როგორც იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს სახელმწიფოს უწევენ სამშვიდობო პოლიტიკის, ნდობის მშენებლობისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელებაში. საქართველოს მრავალფეროვნება ნამდვილად არის ჩვენი სიმდიდრე. აფხაზური კუთხის გახსნით, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსცენტრი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აფხაზური ენა, კულტურა, ლიტერატურა და ფოლკლორი აინტერესებს. ის, რაც დღეს აქ ხდება სახელმწიფო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას ხელმძღვანელობს - კონფლიქტის მოგვარებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. დღევანდელი ღონისძიება არის სიმბოლურად და არა მხოლოდ სიმბოლურად მნიშვნელოვანი ორივე მიმართულებით. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სამოქალაქო ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე, სადაც მეორე სახელმწიფო ენის აფხაზეთის რეგიონში - აფხაზური ენის დაცვის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები იქნება გათვალისწინებული. დღეს ეს თემა ძალიან აქტუალურია, რამდენადაც ვაცნობიერებთ, რომ ის პროცესები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს აფხაზური იდენტობის დაცვას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენგან იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია ამ იდენტობის დაცვაზე, ხოლო მეორეს მხრივ გამოხატავს ჩვენს პოლიტიკას, მიდგომას და ხედვებს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვა კი ნამდვილად უკავშირდება ერთიან, ევროპული ტიპის, ქართულ სახელმწიფოს, სადაც არის შესაბამისი გარემო და იმის შესაძლებლობა, რომ სახვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა დაიცვან და განავითარონ თავისი იდენტობა",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი. ასევე, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კუთხის გახსნა აფხაზური ენის, მწერლობის, კულტურისა და ისტორიის შესწავლისა და კვლევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.აფხაზური კუთხე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიხსნა.