შეხვედრაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მათ მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე მოისმინეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვა აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევების, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სასურველი საპროექტო იდეების თაობაზე.
ქეთევან ციხელაშვილმა USAID-ის ევროპული და ევრაზიული ბიუროს წარმომადგენელს სიუზან ფრიცს გააცნო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული პროგრამები, ხოლო განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მედიის, განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID-ის წარმომადგენლებს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესის მხარდაჭერისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, კონფლიქტის მოგვარების სფეროში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ჯანდაცვის, ახალგაზრდების, აფხაზური ენის დაცვის და სხვა მიმართულებებით.