პაატა ზაქარეიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

10 March 2015

შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და კონფლიქტის მოგვარების კუთხით ეუთო-ს როლი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალის და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

საუბარი ასევე შეეხო აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ და ცხინვალის რეგიონთან სამომავლოდ დაგეგმილ ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებისგან გამომდინარე გამოწვევებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებს.

სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და მისი შედეგები გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ინტერესის გაზრდაზე დანარჩენ საქართველოს მიმართ. ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს ჯანდაცვა, განათლება, ვაჭრობა წარმოადგენს, ასევე გასულ წელს ცხინვალის რეგიონიდან ათეულობით ადამიანი გადმოვიდა საქართველოში ზღვაზე დასასვენებლად.

სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა ეუთო-ს მხარდაჭერით უკვე განხორციელებული ინფრატსრუქტურული პროექტებისათვის და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების საქმიანობასა და სამომავლო ხედვაზე მავთულხრათებით დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური ოსი მოქალაქეების, დახმარების მიმართულებით.

ეუთო-ს გენერალური მდივანი თავის მხრივ დაინტერესდა საქართველოს ჩართულობისა და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, ეუთომ რა დამატებითი ღონისძიებები და პროექტები შეიძლება განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენისა და პრაქტიკული ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ზანიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკაზე და საქართველოს ოსური საზოგადოების მეტ ჩართულობაზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში.