სხდომაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა,ასევე სხვა სამინისტროების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
კომისიის წევრებმა, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომელსაც კომისია მთავრობას უახლოეს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
შეხვედრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
"გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც მიმდინარე პროცესები განვიხილეთ, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც კომისიამ მოიწონა, ვიმსჯელეთ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა დაფინანსების საკითხზე, ასევე როგორ ჩაიარა ზამთრის სეზონმა, რა წარმატებები და პრობლემები იყო ამ კუთხით, რომ მომავალში გავითვალისწინოთ. საუბარი შეეხო სოფლების გაზიფიცირების საკითხსაც,რომელიც დასრულებისკენ მიდის. კომისიის სხდომაზე მოვისმინეთ სახალხო დამცველის წარმომადგენელისგან ანგარიში, სადაც აღწერილი იყო ის პრობლემები, რომელსაც ისინი სწავლობენ გამყოფი ხაზთან მდებარე სოფლებში", - განაცხადა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პაატა ზაქარეიშვილმა.