შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა ახალგაზრდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო, ასევე ესაუბრა მავრთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის შემდეგ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და კონფლიქტების მოგვარების სამომავლო პერსპექტივებზე. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების სირთულეს ასახავდა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუდენტებთან შეხვედრაზე ყურადღება ასევე გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და პროცესის მნიშვნელობაზე, კერძოდ კი აქცენტები გაკეთდა რუსეთის ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებსა და მისგან მომდინარე სხვა გამოწვევებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს მთავრობის მიდგომით კონფლიქტების მოგვარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესითა და მისგან მომდინარე სარგებლის მნიშვნელობით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის.