ბრიუსელში ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრა გაიმართა

2 April 2015

ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის ჩართულობის პოლიტიკის ასპექტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც დიალოგის ცენტრალურ თემას წარმოადგენდა.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა და ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საგარეო სამსახურის დირექტორმა ფერნანდო დე ლა პენიამ, ხოლო დიალოგის მეორე ნაწილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა გახსნეს.

პაატა ზაქარეიშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მთავრობის ურყევ კურსზე. ასევე, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს კონფლიქტის მოგვარებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა დამსწრეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ფარგლებში არსებული გამოწვევები გააცნო და აქცენტი გააკეთა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის დელეგაციამ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვა თავისი როლის ეფექტურად შესრულებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, სადაც პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი თემატურ საკითხებზე.

ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამ,არ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.